ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიურო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურად გაძლიერების, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის შესრულების მიზნით. ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ბიურო საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბიუროს დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და დადგენილი წესით. ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი აერთიანებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიცაა: საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის, პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე მათი განხორციელების ზედამხედველობა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა; საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება; თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლი, მისი შენახვა, მონიტორინგი და საჯაროობა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება; „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება; „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება; საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; მამხილებლის დაცვა და ამ სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომების, მოსაზრებებისა და დასკვნების კვლევა და ანალიზი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა N4.

ვრცლად

სიახლეები

ანტიკორუფციული პოლიტიკა

ანტიკორუფციული პოლიტიკა

ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

ვრცლად
საერთაშორისო
ანტიკორუფციული ბიურო

2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.

შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.

ანტიკორუფციული ბიურო