ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
საქართველოს ევროპული არჩევანი და ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.
სახელმწიფოს უზენაესი კანონი ადგენს ვალდებულებას, მივიღოთ ყველა ზომა საქართველოს ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციისთვის.
აღნიშნული მიმართულებით, უახლეს ისტორიაში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს მიერ 2022 წლის 03 მარტს გაკეთებული ევროპის კავშირში გაწევრიანების განაცხადი, რასაც მოჰყვა ევროპული საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭების შესახებ და ამ გზაზე 12-პუნქტიანი გეგმის განსაზღვრა. ხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს და ევროპის კავშირის ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.
12-პუნქტიანი გეგმის მე-4 პრიორიტეტი მოიცავს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. ამ პრიორიტეტის შესრულების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მოხდა კორუფციის პრევენციული მექანიზმების ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება.
ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას იწყებს იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, რეგიონში, მოწინავე ადგილი უჭირავს. 2022 წლის მონაცემებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ მიხედვით, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11 და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე-2 ადგილს იკავებს. გლობალური კორუფციის ინდექსის 2022 წლის მონაცემებით საქართველო იკავებს 46-ე ადგილს 196 ქვეყანას შორის.
ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ბიურო სარგებლობს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.
ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ა.შ.
ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას. კანონის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს მამხილებლის დაცვისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგსა და კორუფციის პრევენციის მიმართულებით ბიუროს მანდატს მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.