ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიურო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურად გაძლიერების, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის შესრულების მიზნით.

ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბიურო საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბიუროს დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და დადგენილი წესით.

ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი აერთიანებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიცაა:

  • საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის, პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე მათი განხორციელების ზედამხედველობა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა;
  • საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
  • თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლი, მისი შენახვა, მონიტორინგი და საჯაროობა;
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;
  • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
  • „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება;
  • საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
  • მამხილებლის დაცვა და ამ სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომების, მოსაზრებებისა და დასკვნების კვლევა და ანალიზი;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა N4.