ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (შემდგომში - TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო დეზინფორმაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შესაბამისი პროცედურების დაცვით და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.coe.int/en/web/greco/evaluations/georgia.

რაც შეეხება TI-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე არის სიცრუე და დეზინფორმაცია, კერძოდ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე https://declaration.acb.gov.ge .

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც გულისხმობს 2 თვიან ადმინისტრაციულ წარმოებას კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში კი, დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. აღნიშნული 2 თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ხდება დეკლარაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14, პუნქტი 12:
„თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1 თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1 თვიანი პერიოდის ან 1 თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.

მოვუწოდებთ, ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას!