ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ბიუროს უფროსი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მე-16 პრიმა მუხლის თანახმად, აღნიშნულ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.
სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ამ გეგმის შესრულების ნაწილია.
მთავრობის მეთაურმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წლის 10 იანვარს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე გამოცხადდა სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სულ 3 კანდიდატი წარედგინა.