ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების პირობები:
წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების მიზნით, სსიპ-ანტიკორუფციული ბიურო იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
1. არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში:
ა) ორგანიზაციამ კომისიის წევრობის კანდიდატად უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/მართვის ორგანოს წევრი ან ორგანიზაციის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი;
ბ) ორგანიზაციის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციის მომენტიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 5 წელი;
გ) ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელია მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
დ) ორგანიზაციის მიერ დაფუძნების მომენტიდან განხორციელებული პროექტები/ პროგრამები/საქმიანობა უნდა მოიცავდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის/შემოწმების კომპონენტებს;
ე) ორგანიზაციის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოება/არ არსებობდეს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. აკადემიური წრის წარმომადგენლის შემთხვევაში:
აუცილებელია არსებობდეს განხორციელებული კვლევა, რომელიც მოიცავს ანტიკორუფციულ საკითხებს.
3. გარდა ზემოაღნიშნულისა, არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიაში გაწევრიანების კანდიდატი:
ა) არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე;
ბ) არ უნდა იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;
გ) მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობდეს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ 2-ჯერ;
არასამთავრობო ორგანიზაცია შერჩევიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ბიუროს წარუდგენს ინფორმაციასა და მონაცემებს კომისიაში მისი წარმომადგენლის შესახებ.
კომისიაში გაწევრების მსურველი კანდიდატების განცხადება, ასევე ინფორმაცია/ დოკუმენტაცია კანდიდატის ან/და მის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის ზემოაღნიშნულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა გაიგზავნოს სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@acb.gov.ge არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.