ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

რაჟდენ კუპრაშვილი — ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი.

რაჟდენ კუპრაშვილმა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2023 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წლიდან ხელმძღვანელობს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, ხოლო 2019-2023 წლებში იკავებდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას. საჯარო სამსახურში მრავალწლიანი საქმიანობის გარდა, მას კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა საადვოკატო კომპანიას შპს „კუპრაშვილი და ადვოკატები” და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“ (2013-2019).

გარდა ამისა, 2017-2019 წლებში, რაჟდენ კუპრაშვილი წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო 2014-2015 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა იურიდიული სამსახურის უფროსად სამშენებლო და საკონსულტაციო კომპანიებში. კარიერული განვითარების პირველ წლებში კი - საქართველოს საერთო სასამართლოებში, მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის პოზიციებზე.

რაჟდენ კუპრაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები, მონოგრაფიები და კვლევები ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმები ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის საკანონმდებლო რეგულაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი; ჭარბვალიანობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები; ნოტარიუსის უფლებამოსილების ფარგლები სააღსრულებო ფურცლის გაცემისას და სხვა. აღსანიშნავია მისი დისერტაცია თემაზე — „ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის პრობლემები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“, ასევე ინგლისურენოვანი ნაშრომი - Analysis of Models of Legal Regulation of Insolvency of Natural Persons.

რაჟდენ კუპრაშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.