საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (შემდგომში-TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით (იხ.
https://shorturl.at/W85y2). კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ 2024 წლის 22 მარტს, 96-ე პლენარულ სხდომაზე, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში გამოექვეყნებინა ქართულ ენაზე თარგმნილი ანგარიში, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო პროცედურების დაცვით, მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიში უკვე თარგმნილი და გამოქვეყნებულია GRECO-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშს, ოფიციალური თარგმანი გადაგზავნილია GRECO-ის სამდივნოსთვის, რომლის გამოქვეყნება მათი კომპეტენციაა.
ხსენებულ საკითხზე TI-მა ანტიკორუფციულ ბიუროსთან გადამოწმების გარეშე, ცალმხრივად და მიკერძოებულად გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია.
რაც შეეხება 2024 წლის 05 ივლისს, TI-ის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთან დაკავშირებით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო მალავს თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან გადაეცა.
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი ხორციელდება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით (იხ. საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მუხლი 181(7)). მონიტორინგის პროცესი, მათ შორის, მოიცავს მონიტორინგის შედეგების აღსრულების ნაწილს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, მონიტორინგის პროცესი შეეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირის, არამედ მისი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები, წარმოების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, აისახება ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში.
გვინდა განვაცხადოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო, ღიაობის პრინციპის დაცვით, მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.