ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, როგორც აღვნიშნავდით, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშები გამოქვეყნდა საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად და საჯაროდ ხელმისაწვდომია.
საქართველო წლების განმავლობაში თანამშრომლობს GRECO-თან და ანტიკორუფციული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოს წარმოადგენს. GRECO-მ დაასრულა შეფასების მე-4 რაუნდი, ხოლო შეფასების მე-5 რაუნდი ამ ეტაპზე მიმდინარეა.
შეფასების მე-4 რაუნდის თანახმად, 16 რეკომენდაციიდან შესრულდა 15 რეკომენდაცია, საიდანაც სრულად შესრულებულად ჩაითვალა 9, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად - 6. შესრულების მაჩვენებლით საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მალტა, სლოვაკეთი, სომხეთი, ბელგია, დანია. რაც შეეხება GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდს, აღნიშნული 2 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ხდება რეკომენდაციების შემუშავება, ხოლო მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს რეკომენდაციების შესრულების შეფასებას. საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შეფასება განხორციელდება 2025 წელს.
შეფასების მე-5 რაუნდში GRECO-მ დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმები. აღინიშნა, რომ საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სისტემა მუშაობს გამართულად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.
GRECO-ს მე-5 რაუნდის რეკომენდაციები შემუშავდა 2024 წლის მარტში. როგორც GRECO-ს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მიმდინარე წლის მაისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა ანტიკორუფციული ბიუროს ოპერაციული ეფექტიანობა.
ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად აგრძელებს GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო GRECO-თან ანგარიშგების პროცესში.
შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/mAP5u
შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/QbfEv