ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოტენციური მამხილებლები საჭიროებენ სამართლებრივ დახმარებასა და რჩევას. ამრიგად, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, რჩევის მიცემა სწორი სტრატეგიის თაობაზე და, რაც ყველაზე მთავარია - სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.
ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას შეეხება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეუწყობენ ხელს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციას. ასევე ის მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით; მათ გადაწყვიტეს, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ კონსულტაციის პროცესში მონაწილე ადვოკატებისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე;იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი; სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი; საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ნათია სონღულაშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე.