ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს გამჭვირვალე სამართლებრივ პროცესს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის და კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულების მიზნით, ასევე გრანტების გაცემისა და მიღების, აგრეთვე მათი მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს.

ბოლო პერიოდია მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანია, ამ კანონებთან და ასევე ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია ამ სამართლებრივ პროცესების თაობაზე.

დეზინფორმაციულმა კამპანიამ მიიღო პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი და ამორალური ხასიათი, როცა სოციალურად მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ბიურო ითხოვდა პროგრამით მოსარგებლეთა სამედიცინო და პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას.

2025 წლის 20 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს ოფისთან შედგა აქცია.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამ აქციაში მონაწილეობდნენ მდიდარი ენჯეოების მიერ მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანილი განსაკუთრებით მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

პირადად შევხვდით აქციის მონაწილეებს და მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად დავადასტურეთ, რომ სასამართლოს ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესწავლას და არა აღნიშნული ორგანიზაციებისგან სერვისის მიმღები პირების პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის ჯანმრთელობასთან ან ადვოკატირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, გამოთხოვას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია, არც მიმდინარე და არც სამომავლო სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას არ იქნება გამოთხოვილი.

ვაცხადებთ, რომ მზად ვართ კვლავ განვაგრძოთ ღია და ჯანსაღი დიალოგი ნებისმიერ ფორმატში ყველა დაინტერესებულ პირთან, რათა გამოირიცხოს ყველანაირი ბუნდოვანება და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.