ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ესპანურმა მედიამ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. რაჟდენ კუპრაშვილმა EUROPA PRESS-ის შეკითხვებს ესპანეთში ვიზიტის დროს უპასუხა.
„მთავარი იდეაა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ჰარმონიზაციაა. ეს გზა ევროპაში ინტეგრირებისას ყველა ქვეყანამ გაიარა. სწორედ ამიტომ არის ესპანური გამოცდილება საინტერესო. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო არის გარანტი ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების უსაფრთხო დაბანდებისა. ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველო ძალიან მიმზიდველია როგორც ესპანელი, ასევე საერთაშორისო ბიზნესმენებისთვის“, - აღნიშნა ბიუროს უფროსმა ესპანურ გამომცემლობასთან საუბრისას.
ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ის გეგმავს დაწყებას პროექტისა, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოებში კორუფციის პრევენციისკენ. ამისათვის ჩატარდება კვლევა, რომელიც გაზომავს, თუ რამდენად მასშტაბურია მოსამართლეთა შორის კორუფციის პრობლემა.
„ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა იყო“, - განმარტავს რაჟდენ კუპრაშვილი.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ვფიქრობ, მივაღწევთ ამ ყველაფერს. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავს ესპანური გამოცდილების გაზიარებას საქართველოს მიერ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების პროცესში.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კორუფციის პრევენციის ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც ჩანასახშივე აღმოფხვრის პრობლემას. ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დააჩქარებს“
ინტერვიუ რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. რაჟდენ კუპრაშვილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას კატასტროფა უწოდა.
„2022 წლის ივნისში ევროკომისიამ მზადყოფნა გამოთქვა, დადგენილი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ისინი აქტიურად დგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ გეგმით არის გათვალისწინებული” აღნიშნულია ესპანური გამომცემლობა EUROPA PRESS-ის სტატიაში.