ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, დელეგაციასთან ერთად ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვილნიუსში ვიზიტისას საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი ტექნოლოგიები განიხილეს, რომელიც რეფორმის ფარგლებში დაინერგა ქვეყანაში. დელეგაციის წევრები ანტიკორუფციული მიმართულებით ლიეტუვის მიერ გატარებულ რეფორმებს გაეცნენ.
სამუშაო ვიზიტი ლიეტუვის გენერალურ პროკურორთან, ნიდა გრუნსკიენესთან, შეხვედრით დაიწყო. მთავარი საკითხი იყო პროკურატურის სტრატეგია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დეტალურად განიხილეს ლიტვური მოდელით პროკურატურისა და „კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“ ფუნქციები და უფლებამოსილებები. ქართული მხარის თხოვნით, ჩატარდა პრეზენტაცია, მამხილებელთა დაცვის მექანიზმებსა და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ლიტვურ მეთოდოლოგიაზე; ფულის „გათეთრების“ დანაშაულის გამოძიების თანამედროვე მეთოდებსა და პრევენციურ ღონისძიებებზე
როგორც საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერების პროცესში აუცილებელია.
სამუშაო ვიზიტის დროს მოეწყო შეხვედრა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ სააგამოძიებო უწყებაში. ლიეტუვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ჯოვიტა რასკევიციუსთან, შეხვედრა დაიწყო საგამოძიებო სერვისის სტრუქტურისა და ფუნქციების პრეზენტაციით.
ყურადღება გამახვილდა კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიაზე. ასევე იმსჯელეს კორუფციის პრევენციის მეთოდებსა და მათი უზრუნველყოფის მექანიზმებზე.
პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო გაცნობითი შეხვედრები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრატეგიული ანალიზის სამმართველოსა და ანალიტიკური ცენტრის ანტიკორუფციული დაზვერვის დეპარტამენტში.
სამუშაო ვიზიტისას ჩატარდა შეხვედრები ლიეტუვის ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურში და ლიეტუვის ეთიკის კომისიის წარმომადგენლებთან. თავის მხრივ, ლიეტუვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.