ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. “ჩვენ უკვე მოვახერხეთ მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და მეტიც, მათ რიგებში გაწევრიანება” - აღნიშნა ბიუროს უფროსმა.
 
მან ისაუბრა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესებზე - “ჩვენ დავიწყეთ სიტუაციური ანალიზის გაკეთება, რაც გულისხმობს ყველა საჯარო დაწესებულებასთან შეხვედრების გამართვას, ინფორმაციის დამუშავებას, თვითმმართელობებთან კომუნიკაციას, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და თითოეულ საჯარო დაწესებულებასთან მიმართებით დავიწყებთ სტრატეგიის დოკუმენტის მზადების პროცესს.”
 
ბიუროს უფროსმა ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრზე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, სასწავლო პროგრამების შესწავლისა და მათ ქართულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მიზნით.
 
რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სტატისტიკა წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ. “კორუფციასთან ბრძოლა იწყება პრევენციით. ბიუროს ერთ-ერთი პრევენციული მექანიზმია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის კონტროლი, როგორც რადიკალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება”.
 
ბიუროს უფროსმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები. “პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მიმართულება ბიუროს გადმოეცა პირველი სექტემბრიდან. საწყის ეტაპზე ჩავატარეთ სიტუაციური ანალიზი, გამოვკვეთეთ არსებული გამოწვევები და ვმუშაობთ მათი აღმოფხვრის გზებზე” - განაცხადა ბიუროს უფროსმა.
 
ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მხილების მექანიზმი. ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები აქვს.
 
ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.