ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა”.
 
შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნეს.
 
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და ტაჯიკეთის ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლები.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები კორუფციის მიმართულებით, ანტიკორუფციულ საკითხებში მიღწეული პროგრესი და არსებული მექანიზმები.
 
საუბარი შეეხო მამხილებელთა დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას, კორუფციული რისკების შეფასებასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მხარეები თანხმდებიან, ერთობლივად შეიუმუშაონ პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს კორუფციული რისკების მართვას, შეფასების მექანიზმების განვითარებას და დანერგვას. ასევე, დაიგეგმება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მამხილებელთა დაცვის საკითხებზე არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული რესურსების ურთიერთგაზიარება.
 
კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური წრეების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები.
 
ღონისძიება განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.