ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს.

ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე.

ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება.

ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.